სამაჩაბლოს პოეტური სიტყვა
20 წლის წინ დაწერილი რეცენზია
შოთა დარბუაშვილის ლექსების მე-2 კრებულზე
"მუსიკის ხმებში ახშობენ ტკივილს,
საოცარია ფერისცვალება,
ისევ მარტო ვარ და მეშინია
უცხო ქალაქში გარდაცვალება..."
დიდი ივანე მაჩაბლის მშობლიური მხარე, მიუხედავად მძიმე, ქარცეცხლიანი ეპოქისა, კვლავ შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობს. უფრო მეტიც, რთული კატაკლიზმები ჩვენებური პოეტებისათვის შთაგონების წყაროდაც ქცეულა.
თავანკარა ქართული (რომლის შესასწავლადაც ცნობილი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი ჩვენს მხარეს სწვევია), კვლავაც მოსჩქეფს დევნილ, სვეგამწარებულ მგოსანთა გულებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი მშობლიური კერიდან შორს გასტყორცნა “არსთ გამრიგემ”, განცდით, რომლის გამოხატულება სიზმარიცაა, ფიქრით კვლავ მშობელ
კერას დასტრიალებენ, რაც მკაფიოდ აისახა მათ შემოქმედებაში.
ქართველი მკითხველი იცნობს პოეტ შოთა დარბუაშვილის სახელს. მან ლირიკული ლექსის ოსტატის სახელი, ჯერ კიდევ,
პირველი კრებულის გამოცემით მოიხვეჭა. ამ კრებულის ხუთიათასიანი ტირაჟი სწრაფად გაქრა
წიგნის მაღაზიათა თაროებიდან. კრებულის განხილვა მოაწყო ცხინვალის სახ. პედინსტიტუმაც, რომელსაც ავტორიც ესწრებოდა.
ახლახანს გამოიცა შოთა დარბუაშვილის ლექსთა მეორე კრებული „ლტოლვილი მქვია“ - გამომცემლობა „გედას“ მეშვეობითა და პოეტ მზია ხეთაგურის რედაქტორობით წარსდგა მკითხველის წინაშე.
წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ: "შოთა დარბუაშვილის „ლტოლვილი მქვია“ პოეტის ლექსების მეორე კრებულია. ცხინვალიდან დევნილი კაცისთვის ლტოლვილობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ამის დასტურია ის ტკივილიანი ლექსები, სადაც გულწრფელადაა გამოხატული ჩვენი დღევანდელი ყოფა და სულიერი განცდები, პოტს, რა თქმა უნდა, ერჩივნა თავის მშობლიურ კუთხეში მშვიდობიანად ეცხოვრა და სულ სხვა თემაზე ეწერა ლექსები მაგრამ...“ ციტატის დასასრულს, მრავლის მეტყველი მრავალწერტილი, თითოეული ჩვენებურის გულისტკივილის უკომენტარო გამოხატულებაა. კრებული ერთნაირად საინტერესოა, როგორც ავტორის ბედის თანამოზიარეთათვის, ასევე თითოეული ქართველისათვის.
კრებულში ცხოვრება დანახულია, როგორც სვეგამწარებული, მშობლიური კერიდან დევნილი კაცის, ასევე სამშობლოს ბედზე ღრმად დაფიქრებული პატრიოტის პოზიციიდან.
აღსანიშნავია, სატრფიალო თემაზე დაწერილი რამდენიმე ლექსი. რომელთა მხატვრული დონე სათანადო სიმაღლეებს ელაციცება.
შეუძლებელია ემოციური მღელვარების, ცრემლის, სინანულის შეგრძნების გარეშე წაიკითხოს მკითხველმა ლექსი „ლტოლვილი ბავშვი“:
„სახლებს იშენებენ ლტოლვილი ბავშვები,
მიწაზე ლოგინად ქაღალდი დაუგიათ,
ქვებით გაუწყვიათ ოთახი რამდენი,
ცხინვალზე ოცნების კოშკი აუგიათ.“
ვკითხულობთ და ჩვენი ნაღვლიანი ფიქრები თავს დასტრიალებს მშობლიურ კერას მოწყვეტილ, სასტუმროებსა და ნათესავ-ახლობლებს შეხიზნულ, ოთხი წლის მანძილზე წამოზრდილ, ჩვენს ლტოლვილ ბავშვებს, რომელთა ცხოვრებაც დგება საშიშროების წინაშე - დავიწყების ცეცხლს მისცეს მშობლიურ მხარეზე ოცნება.
„ლტოლვილი მქვია“ ასეთია სათაური ლექსისა, რომელიც დინამიურობით, არსებული ქაოსური ეპოქის რეალური გამოხატულებაა, ასეთ ფონზე წარმოჩენილი ლტოლვილი კაცის სულიერი და სოციალური კრიზისი.
„ჩემო ლიახვო“ აღმძვრელია დაუოკებელი ნოსტალგიისა. მასში გამოთქმულია უკან ვერდაბრუნების შიში. „ახალწლის დილას“ საოცარი ექსპრესიით გამოხატავს პოეტის გულისტკივილს და არხევს მკითხველის სულის უფაქიზეს სიმებს:
„ამცრემლებია უეცრად თვალი
სამაჩაბლოში ქართლის ცრემლია...“
ამავე თემაზეა შექმნილი ლექსები: „დევნილი“, „...მზე კი მათბობს...“, „...ამ დღეების ნაცვლად“, „სევდის ზარები“ და სხვა.
პოეტის სამშობლოსადმი უმანკო სიყვარულის განცდა წარმოჩენილია მრავალ ლექსში. საყურადღებოა ლექსი „უუფლებობით“. პოეტი საგანგაშოდ თვლის ეროვნული გადაგვარების ყოველ გამოვლინებას:
„დღეს საქართველო დუქანს მაგონებს,
სად მონა ვაჭრობს მონის გონებით...“
განწყობილების უშუალობითა და შინაგანი დრამატიზმით გამოირჩევა კრებულის ბოლო აკორდი - „ქრის დასავლეთის ქარი ძლიერი“, რომელიც მკითხველში ოპტიმისტური განწყობის გაღვივებას
მაინც იწვევს:
„და ყველა იგრძნობს წუთით ღირსებას,
მოვა მსუბუქი თოვლი იებით,
და განათდება ქართული ზეცა,
რაღაც ღვთიური მონანიებით.“
კრებულში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სატრფიალო თემაზე დაწერილ ლექსებს. მათ შორის არის: „ბარათი“, „როგორ მიყვარდი“, „მჯეროდა“, „მელოდია“, „ჩემდა სახსოვრად“ და სხვა.
ვუსურვებთ პოეტ შოთა დარბუაშვილს შემოქმედებით წარმატებებს. ვიმედოვნებთ, ახლო მომავალში ვიხილავთ მის ახალ კრებულს, სადაც დიდი ადგილი დაეთმობა აღორძინებული სამშობლოს თემას.
გაზ. "შიდა ქართლი",
1995, ივნისი.
Comments
Post a Comment