ჩვენი თანამემამულე აკადემიკოსი
ღირსეული ადამიანები სისადავით გამორჩეულნი არიან – ეს აქსიომა აკადემიკოს ქრისტეფორე არეშიძესაც შეჰფერის. ცხინვალელთა მისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოწვეულია, არამხოლოდ იმით, რომ სახელოვანი მეცნიერი მათი თანამემამულეა, ასევე მისი ცხინვალელთადმი არაერთგზის გამოხატული ფაქიზი გრძნობის გამოც. იგი ცხინვალის ქუჩებისა და ბავშვობის წლებისადმი განწყობის გადმოსცემდა კორნელი სანაძის ლექსის ციტატას მიმართავდა:
"მივდივარ ამ გზაზე და ასე მგონია
ისევ ის ბიჭი ვარ ხუჭუჭა პატარა."
მიმდინარ წელს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა ორგანული ქიმიის მეცნიერების გამოჩენილ წარმომადგენელსა და ნავთობის ქიმიის ფუძემდებელს საქართველოში.
ქრისტეფორე არეშიძე დაიბადა 1906 წელს გორის მაზრის სოფელ დგვრისში (მოგვიანებით ქ. ცხინვალის ჩრდილოეთი ნაწილი). მამა – იოსებ არეშიძე, რომელმაც მძიმე შრომაში გაატარა ახალგაზრდობა, ადრე გარდაიცვალა. მოგვიანებით აკადემიკოსი იტყვის: "გორელი მემამულის გალუსმანის მოჯამაგირის შვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გავხდიო." დედა – ეკატერინე მეშვილდიშვილი-არეშიძისა იმ დროისათვის განათლებული ქალი ყოფილა. მას უსწავლებია მომავალი მეცნიერისათვის ქართული წერა-კითხვა. ადრე დაქვრივებულმა ქართველმა მანდილოსანმა შეძლო შვილების სანიმუშოდ აღზრდა, მათში შრომისადმი ინტერესის გაღვივება.
"1913 წლის პირველ სექტემბერს შვიდი წლის ბიჭმა პირველად შევდგი ფეხი ჩემს სკოლაში – ცხინვალის ორ კლასიანი სასწავლებლის პირველ განყოფილებაში" - წერს ქ. არეშიძე. განათლებასთან ზიარების პირველი სურათები ნათლად შემორჩენია მეცნიერის ხსოვნას: "სასწავლო ოთახის აღმოსავლეთი კედლის კუთხეში ხატი ეკიდა, სწავლა ლოცვით იწყებოდა და ლოცვითვე მთავრდებოდა..." იგი შემდგომ სწავლას აგრძელებს ცხინვალის უმაღლეს დაწყებით სკოლაში, საშუალო განათლების მისაღებად თბილისს მიემგზავრება, აქვე შედის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი წარჩინებით დამთავრების შემდეგ ხდება მოსკოვის უნივერსიტეტის ასპირანტი. მეცნიერულ მუშაობას აღრმავებს აკადემიკოსების ნიკოლოზ ზელინსკისა და ბორის კაზანსკის ხელმძღვანელობით. შედეგმა არ დააყოვნა – აქვე, 1940 წელს წარმატებით იცავს საკანდიდატო დისერტაციას. იწყება მუხლჩაუხრელი შრომა ეროვნული მეცნიერების განვითარებისა და თაობათა აღზრდისათვის პ. მელიქიშვილის მხარდამხარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1958 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნ. ზელინსკის სახელობის ორგანული ქიმიის ინსტიტუტში ქრისტეფორე არეშიძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1961 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1962 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. იგი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. 1969 არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
ქრისტეფორე არეშიძე ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა (ბევრი მათგანი გამოცემულია ბელგიაში, ბულგარეთში, ბრაზილიაში, უნგრეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში), 21 საავტორო მოწმობის შემქმნელია, რაც ნიშნავს, რომ ანალოგიური ხასიათის სამუშაო სხვაგან არ შესრულებულა. იგი მონაწილეა მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმისა და კონგრესისა, მათ შორის პარიზის, მოსკოვის, ლონდონის, ტოკიოს, სოფიის. ათეული წლების განმავლობაში ქრისტეფორე არეშიძე განაგებდა საქართვლოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ორგანული კატალიზმის ლაბორატორიას; იყო მენდელევის სახელობის საკავშირო ქიმიური საზოგადოების საქართველოს განყოფილების გამგეობის წევრი და ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სექციის თავმჯდომარე.
აღსანიშნავია, რომ დიდმა მეცნიერმა ნახევარსაუკუნოვანი პედაგოგიური მოღვაწეობიდან გარკვეული დრო მშობლიური მხარის ახალგაზრდა ქიმიკოსთა აღზრდას დაუთმო – 1940-50-იან წლებში იგი ორგანული ქიმიის კურსს კითხულობდა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა ახლო ურთიერთობა ჰქონოდა მშობლიურ ქალაქთან. აქტიურად მონაწილეობდა აქ მოწყობილ სამეცნიერო-კულტურულ შეხვედრებში; კონსულტაციებს უწევდა ადგილობრივ ქიმიკოსებს; მისი ინიციატივით ჩატარდა ცხინვალში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გასვლითი სესია, რომელშიც მონაწილეობდნენ ცნობილი ქიმიკოსები, მათემატიკოსები, ისტორიკოსები, ენათმეცნიერები.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 1971 წელს ცხინვალის პირველმა ქართულმა საშუალო სკოლამ დაარსების 90 წლისთავზე საკუთარ კედლებში ქრისტეფორე არეშიძის დაბადების 65, ხოლო მეცნიერულ-პედაგოგიური მოღვაწეობიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გადაუხადა. ამ ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი ცნობილი ვახტანგ კასრაძე იყო, ამდენად მის დიდ ზეიმად გადაქცევა ბუნებრივია. იუბილარი მოგვიანებით დაწერს: "ამისთანა ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში ბევრი არ ყოფილა."
ქრისტეფორე არეშიძის შრომების პრაქტიკაში დანერგვამ მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რომელთა დიდი ნაწილი ხალხთა ყოფა-ცხოვრებისათვის ესოდენ ფასეულია.
სრულიად საქართვლოსა და განსაკუთრებით სამაჩაბლოელ თანამემამულეებს 1982 წლის 28 დეკემბერს მისმა გარდაცვალებამ გული ატკინა.
ოჯახი და პიროვნება – ეს მარადიული კავშირი საუკუნეთა მიღმიდან იღებს სათავეს. კარგმა ოჯახმა დიდი მეცნიერის ჩამოყალიბება განპირობა, თავის მხრივ იგი თავად მოგვევლინა სანიმუშო ფუძის შემქმნელად. მეუღლე – ოლღა კონსტანტინეს ასული ქურდოვანიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი, მჭიდა მასალების ტექნოლოგიის სპეციალისტი, საქართველოში პირველი ქალი იყო, რომელმაც ტექნიკურ დისციპლინაში დაიცვა დისერტაცია 1946 წელს. ღირსეული მეუღლე, ორი შესანიშნავი შვილის დედაა. უფროსი – გიორგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის კათედრის დოცენტი ნაწილობრივ გაყვა მამის კვალს. თამაზი ექიმი-კარდიოლოგია, კარდიოლოგიის ინსტიტუტის რექტორის მოადგილე საზღვარგარეთთან ურთიერთობის დარგში. მან მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1983 წელს მოიპოვა. საგულისხმოა, რომ სამეცნიერო ჯგუფთან ერთად იგი მშობლიური ლიახვის მოსახლეობას იკვლევდა დღეგრძელობის თვალსაზრისით.
ჩანს, დიდი მეცნიერის გარდაცვალებით მის სახელს არც ფიზიკურად და არც იდეურად საფრთხე არ ემუქრება. იგი დიდხანს იცოცხლებს მის შთამომავლებში და თანამემამულეებში.
გაზ. "შიდა ქართლი",
1996, ივნისი.

Comments
Post a Comment