მართა კასრაძე

ზაზა ცოტნიაშვილის "ნამდვილი ამბები"



ჩვენი ქვეყნისთვის დოკუმენტური პროზის არსებობასა და განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან, სამწუხაროდ, ერთი შეხედვით, ცენზურის არარსებობის პირობებშიც კი მედია, რომელიც თითქოს, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია თავისი მასშტაბურობისა და ყველასთვის ხელმისაწვდომობის გამო,   ვერაფრით  ახერხებს სუბიექტურობისგან, კონიუნქტურისა და მიკერძოებისგან ბოლომდე გათავისუფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბეჭდურ მედიასა და ტელევიზიებში დაგროვილი უზარმაზარი საარქივო მასალა სრულყოფილად ვერ ასახავს ეპოქას, რომელიც ჯერ კი ინახება  ადამიანების მეხსიერებაში, მაგრამ თაობათა ცვლასთან ერთად წაიშლება და საილუსტრაციოდ სხვადასხვა  საშუალებების გამოყენება გახდება აუცილებელი.
საქართველოში დოკუმენტურ პროზას არც ისე დიდი ისტორია აქვს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე საკმაოდ კარგი მცდელობა გვქონდა და ასეთ დროს, პირველ რიგში,  დათო ტურაშვილი გაგვახსენდება, რომელმაც 90-იანი წლების ქრონიკების ასახვით წიგნში „იყო და არა იყო რა“, მეტ-ნაკლებად ობიექტურად გააცოცხლა  საუკუნის ბოლო ათწლედის დასაწყისში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ურთულესი ისტორიული პერიპეტიები  და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დოკუმენტური, მათ შორის პროზაც, საკუთარ თავში სუბიექტივიზმსაც გულისხმობს, რადგან აქ უმთავრესი ავტორის დამოკიდებულებაა ამა თუ იმ საკითხისადმი,  მას  ეპოქის გაცოცხლება  ბევრად სრულყოფილად და მრავალმხრივ შეუძლია, ვიდრე ჟურნალისტიკის ნებისმიერ ჟანრს, ხოლო  რაც შეეხება ისტორიას - მოგეხსენებათ,  მოვლენებისა და ფაქტების ისტორიული შეფასება უფრო მომავლის საქმეა და არა აწმყოსი, მაგრამ ისიც ვერ იქნება ობიექტური, სათანადო მასალის დაგროვება აწმყოში თუ ვერ მოხერხდა.
ზაზა ცოტნიაშვილის „ნამდვილი ამბები“ ძალიან ბევრი ფაქტორის გამოა ღირებული და აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ერთი თვალის გადავლებით, თხელყდიანი წიგნი, თავისი სიმცირის მიუხედავად, საკუთარ თავში  ინახავს იმაზე ბევრად დიდ  ხსოვნასა და ცოდნას, ვიდრე ბევრი სქელყდიანი ნაშრომი, თუ მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუში. ესაა ხსოვნა,  რომელიც ერთი შეხედვით, თითქოს დავიწყებულია, სწორედ ის  ხსოვნა, რომელიც უდიდესი ტკივილით აღავსებს  იმ თაობას, რომელსაც ჯერ კიდევ კარგად ახსოვს ქართული მიწის განუყოფელი ნაწილი - ცხინვალის რეგიონი,  თავისი თავისებურებებითა და კოლორიტით, ამიტომ ტექსტთან თითოეული შეხება ამ თაობსითვის  ტკივილთან ერთად სიამოვნებისა და სიხარულის მომტანიც იქნება, რადგან საშუალება მიეცემათ, კიდევ ერთხელ შეიგრძნონ და  შეიცნონ მშობლიური მხარე, კიდევ ერთხელ შეავლონ თვალი ასე ნაცნობ, ახლობელ და მაინც ასე შორეულ ადგილებს... ახალგაზრდებისთვის   ეს იქნება ხსოვნის გადმოცემის მცდელობა და ცოდნა  იმ ქალაქისა და რეგიონისა, რომელიც მხოლოდ  უფროსი თაობისგან  გადმოცემებითღა  იციან…  
ავტორი იმდენად დეტალურად, ემოციურად, სიყვარულით, ტკივილით აღწერს ყოველივეს, თხრობის დროს იმდენად ძლიერია დასწრების ეფექტი,  იმდენად მრავალფეროვანი რეალური პერსონაჟების სახეები იშლება მკითხველის თვალწინ, რომ შეუძლებელია, უცნობი მხარეც კი ახლობელი და  შენი არ გახდეს, თან ამ ცოდნის დამახსოვრება ერთგვარი აუცილებლობა, ვალდებულებაა თითოეული ქართველისთვის,  რადგან ეს ის ცოდნაა, რომლის  დავიწყების უფლება არავის აქვს, იმასაც კი, ვინც მაშინ დაიბადა, როცა ცხინვალის რეგიონი უკვე ოკუპირებული იყო, რადგან ყველაფრის მიუხედავად, ეს მხარე ყოველთვის იყო და დარჩება ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილად, ჩვენს ტკივილად და  განსაცდელად, რომელიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა დასრულდეს,  მაგრამ დასრულება, პირველ რიგში, უნდა    დავიმსახუროთ, დამსახურება კი  საკუთარ თავში დავიწყებას ავტომატურად გამორიცხავს.   მკითხველში ისეთი სულისკვეთების გაღვივება, რომელიც მონატრებას, სიყვარულს, ერთგულებას, თავდადებას გულისხმობს მშობლიური კუთხისადმი, ასეთი ჩანაწერების ფასს აათმაგებს და ეროვნული ცნობიერების გაღვივებას, მომავალი თაობების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას ემსახურება,   რადგან  რაც არ უნდა ფლეგმატური და აპათიური უნდა  იყოს თანამედროვე ადამიანი,   მსგავსი ტიპის ნაწერმა, შეუძლებელია, უდიდესი გავლენა არ მოახდინოს მის ცნობიერებაზე.
2015.05.25

Comments

Popular posts from this blog

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

„კონფლიქტების გაშუქება“ – პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია CIU-ში